თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საკრებულოს შენობასთან ოპოზიციური პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ აქტივისტებთან ერთად გამართა აქცია „დააფასე ქალები პოლიტიკაში“.
აქციის მონაწილეები საკრებულოსთან მივიდნენ ტრანსფარანტებით: „შენ მე მაიგნორებ“, „შენ მე ვერ მამჩნევ“, „შენ მე მავიწროვებ“. დოლიძის თქმით, ქართულ პოლიტიკაში ქალების შევიწროების ტენდენცია შეიმჩნევა. მისი აზრით, პოლიტიკური სპექტრი უფრო დიდი პატივისცემით უნდა იყოს განმსჭვალული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების ჩართულობისადმი.
„ქვეყანაში, სადაც ამომრჩეველთა უმეტესობა ქალია, მათი პოლიტიკიდან გარიყვის არაერთი მცდელობა ფიქსირდება. ზოგჯერ ჩვენ არ გვეძახიან დებატებზე, ზოგჯერ გვეუბნებიან, რომ ჩვენ ერთმანეთში ვიდებატოთ, მამაკაცი პოლიტიკოსები კი ჩვენ ნაცვლად საუბრობენ“, – განაცხადა დოლიძემ აქციაზე.
ადრე დოლიძეს მკვეთრი რეაქცია ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ექს-პრემიერმა, ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ დებატებზე მხოლოდ მამაკაცი კანდიდატები – კახა კალაძე („ქართული ოცნება“) და ნიკა მელია („ნაცმოძრაობა“) მიიწვია.
ანა დოლიძე 2 ოქტომბრის არჩევნებზე სხვა კანდიდატებთან ერთად თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. პოლიტიკოსმა პარტია „ხალხისთვის“ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დააფუძნა.