თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2021 წლის მეორე კვარტალში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,6%-ით შემცირდა და 234,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" განცხადებაში.
უწყება მთავარ მიზეზად რეინვესტიციის მოცულობის შემცირებას და რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლას ასახელებს.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოში 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინასწარი შეფასებით, 52,9%-ით შემცირდა 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით, და 616,9 მლნ დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მხრივ ლიდერობენ დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდი და ჩეხეთი.
ინვესტიციები ასევე შემოვიდა თურქეთიდან, იაპონიიდან, ლუქსემბურგიდან, შვეიცარიიდან, მალტიდან, მარშალის კუნძულებიდან და სხვა ქვეყნებიდან.
რომელ დარგებში აბანდებენ
2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა.
ინვესტიციები ასევე განხორციელდა სხვა დარგებში: უძრავი ქონება, ჯანდაცვა და სოციალური დახმარება, სოფლის მეურნეობა და თევზჭერა.
რეინვესტიცია
ეკონომიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რეინვესტიციის დიდი მოცულობა გახდა. კერძოდ, 2021 წლის მეორე კვარტალში რეინვესტიციამ 190,7 მლნ დოლარი შეადგინა – ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობის 18,6%.
ხელისუფლება და ექსპერტები რეინვესტიციის დიდი მოცულობის მიზეზად საგადასახადო სისტემაში ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვას ასახელებენ. 2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა საგადასახადო სისტემის ე.წ. ესტონური მოდელი, რომლის მიხედვითაც, გადასახადებისგან თავისუფლდება საწარმოთა მოგების ის ნაწილი, რომელიც წარმოების განვითარებისკენაა მიმართული.
რას გვპირდება მთავრობა
მთავრობის ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ხელისუფლება პირობას დებს, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირება თავიდან მოხდება. პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე გადავა, ქვეყანა ახლებურად პოზიციონირდება.
ამასთან, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებთან, ისე ადგილობრივ თვითმმართველობებთან.
ამას გარდა, მიიღებენ კანონს „მეწარმეთა შესახებ", რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და პრაქტიკულად ახალ სივრცეს გაუხსნის ქართული და ევროპული ბიზნეს-ოპერატორების თანამშრომლობას. მათ შორის გამარტივდება ერთობლივი საწარმოების შექმნის პროცესი და გაიზრდება საქართველოში ახალი ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მოზიდვის შესაძლებლობა.
კონკურენტული და საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით სახელმწიფო ეტაპობრივად უარს იტყვის ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომელთაც დამოუკიდებელი ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი აქვთ.