თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ყვარელში ამჟამად „საქართველოს ბანკის“ ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ერთეული პოლიციის ჯავშანმანქანაა მობილიზებული, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.
რამდენიმე წუთის წინ პოლიციასა და „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მყოფ მძარცველს შორის კომუნიკაცია შედგა. მძარცველი ითხოვდა, რომ ბანკთან მობილიზებულ დანაყოფებს ტერიტორია დაეტოვებინათ.
თუმცა, მიუხედავად მძარცველის მოთხოვნისა, ადგილზე კვლავ რჩებიან საპოლიციო ძალები.
ცოტა ხნის წინ შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა განაცხადა, რომ ყველა მძევალი თავისუფალია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველი 500 ათას ლარს ითხოვდა. ამ დროისათვის სამართალდამცველები მამაკაცთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით დღის 4 საათისთვის ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ხელყუმბარით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა.
ადგილზე კვლავ მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმები.