თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სავარაუდო დამნაშავეთა აყვანის ოპერაცია ბორჯომის, წყალტუბოსა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა.
ბრალდებულთა ასაკი 30-დან 56 წლამდეა, მათგან ორს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარება, მესამეს კი იარაღის შეძენა–შენახვა ედება ბრალად.
ლენტეხში 56 წლის მამაკაცის სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი, „კალაშნიკოვის“ სისტემის „აკს“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, „კარაბინის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი, მჭიდი და 914 საბრძოლო ვაზნა.
წყალტუბოში პოლიციამ იარაღი 30 წლის მამაკაცის ავტომობილში იპოვა. სამართალდამცველებმა აღნიშნული ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „კალაშნიკოვის“ სისტემის „აკ–45“ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა.
ბორჯომში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 39 წლის მამაკაცის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია CZ სისტემის პისტოლეტი და მჭიდი.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.