ქართული „მიტოვებული სოფელი“ ბულგარეთის დაპყრობას შეეცდება

ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი მიტოვებული სოფელია, ადამიანის ერთგვარი მეტაფორა და განსახიერება.
Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმი „მიტოვებული სოფელი“ ვარნის (ბულგარეთი) ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში შევიდა.
ქართულ მულტფილმს ფესტივალზე ხუთშაბათს, 9 სექტემბერს უჩვენებენ, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის Facebook-გვერდზე.
„მიტოვებული სოფელი" 2020 წლის 23 ნოემბერს პირველად იაპონიაში ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს, სადაც ფილმმა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო მიიღო.
ქართულ მულტფილმს „მიტოვებული სოფელი“ პარიზში აჩვენებენ
2021 წლის ივლისში მარიამ კაპანაძის ანიმაციურმა ფილმმა პრაღის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აბსტრაქტული და არანარატიული ანიმაციის კატეგორიაში მიიღო ჯილდო.
ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი – მიტოვებული სოფელია, ადამიანის ერთგვარი მეტაფორა და განსახიერება. მულტფილმში ნაჩვენებია „ადამიანი“, რომელსაც აღარ ახსოვს სამყაროს შექმნის არსი – სიყვარული.
„მიტოვებული სოფელი“ 2018 წელს ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტია, საპროდიუსერო კომპანიაა – საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მოძრაობა „კვალი XXI“. მარიამ კაპანაძე ფილმის სცენარის ავტორიცაა.