თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ამ დროისათვის „საქართველოს ბანკის“ შენობიდან ყველა მძევალი გათავისუფლებულია, განაცხადა შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა.
მისი თქმით, ამჟამად თავდამსხმელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„მძარცველი, რომელიც „საქართველოს ბანკში“ იმყოფება, შეიარაღებულია. ასევე ვადასტურებ, რომ მას ჰქონდა მოთხოვნა თანხასთან დაკავშირებით. დანარჩენ დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით, საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გაგაცნობთ", – განაცხადა კოვზიაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით დღის 4 საათისთვის ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ხელყუმბარით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელსაც 15-მდე ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი, ხელყუმბარითაა შეიარაღებული. მასმედიის ინფორმაციით, მამაკაცი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ ლარს მოითხოვდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმები.