თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი პირის ვინაობა ამ დროისათვის უცნობია, განაცხადა ყვარლის მერმა როსტომ სესიაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.
ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა დაახლოებით 40 წუთის წინ მოხდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელსაც 15-მდე ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი, ხელყუმბარითაა შეიარაღებული და იგი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ ლარს მოითხოვს.
სესიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფება ბანკის ფილიალში. სამართალდამცველები ცდილობენ, რომ ბანკში შეჭრილ პირთან კომუნიკაცია შედგეს.
„სამართალდამცველები ადგილზე უსაფრთხოების ყველა ნორმას იცავენ. ჯერჯერობით მამაკაცის ვინაობა დადგენილი არ არის. უცნობია ასევე კონკრეტულად რამდენი ადამიანი იმყოფება შენობაში. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული“, – განაცხადა სესიაშვილმა.
ამ დროისათვის ბანკის მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული, ადგილზე საპოლიციო ძალების მობილიზება გრძელდება.