ყვარელში „საქართველოს ბანკზე" თავდასხმის ფაქტზე შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ქალაქ ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში უცნობი პირი შეიჭრა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყების ცნობით, მამაკაცი, რომელიც ბანკის შენობაში შევიდა, შეიარაღებულია.
„თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ტარდება ყველა საჭირო და გადაუდებელი ღონისძიება“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მასმედიის წარმომადგენლებს – დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.
მასმედიაში გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, შეიარაღებულ მამაკაცს 15-მდე პირი ჰყავს მძევლად აყვანილი.