თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე 33 წლის რაფაელ მურსაკულოვია, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მოკლული ავსტრალიელი შანაი ბრუკის საქმე დღეს გახსნილად გამოაცხადა. პოლიციამ თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე რაფაელ მურსაკულოვი გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დღეს, 8 სექტემბერს დააკავა.
აღნიშნული ინფორმაცია დაკავებულის ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემაც დაადასტურა. როგორც მან განაცხადა, ჯერჯერობით საქმის მასალებს არ იცნობს და არც მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ შეხვედრია. შესაბამისად, უცნობია, აღიარებს თუ არა დაკავებული ბრალს.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული შანაი ბრუკის მეზობლად, გოგებაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. მკვლელობის სავარაუდო მოტივი კი ყაჩაღობაა – თავდამსხმელი ქალს ტელეფონის წართმევას უპირებდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია, რადგან ქალმა ის ხრამში გადააგდო. მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაულის ადგილზე დანით ხელი გაიჭრა და ადგილზე მისი სისხლის კვალი დარჩა. სწორედ გენეტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა დაკავებულის დნმ და მისი ვინაობა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შანაი ბრუკი ბოლო ერთი წლის განმავლობაში დროებით ცხოვრობდა თბილისში. როგორც დაღუპულის მეგობრები აცხადებენ, ახალგაზრდა ქალი სპორტით იყო დაკავებული და მთაწმინდაზე ხშირად სეირნობდა.
ავსტრალიის მოქალაქე სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით 15:30 საათზე ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს. დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ესაუბრებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ქალს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.