ავსტრალიელი ქალის მკვლელობის ბრალდებით 33 წლის მამაკაცი დააკავეს

მთაწმინდის ფერდობზე ავსტრალიელი შანაი ბრუკის ცხედარი 31 ივლისს რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მოკლული ავსტრალიელი შანაი ბრუკის საქმე გახსნა. ამის შესახებ განცხადება უწყებაში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.
ავსტრალიელი ქალის მკვლელობის საქმეზე გომელაურმა კომენტარი გააკეთა
პოლიციამ თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული რ.მ. გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დღეს, 8 სექტემბერს დააკავა.
უწყების ცნობით, შანაი ბრუკი 30 ივლისს მეგობრებს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ მივიდა დათქმულ დროს და მას შემდეგ მასთან კომუნიკაცია შეწყდა. მოგვიანებით მისმა მეგობრებმა აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს. ქალის სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე ასეული თანამშრომელი. ძებნის ოპერაციაში ასევე ჩართული იყო საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახური.
მასმედია: პოლიციამ შანაი ბრუკის მკვლელის იდენტიფიცირება მოახერხა
ახალგზარდა ქალის ცხედარი 31 ივლისს, დღის მეორე ნახევარში იპოვეს. მას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, დაზიანებულ მდგომარეობაში.

„გამოძიებამ ჩაატარა რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა 200-ზე მეტი პირი, მათ შორის, გარდაცვლილი ქალის მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, დანაშაულის დღეს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მყოფი და იქ დასაქმებული პირები. მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დამნაშავე პირის იდენტიფიცირების მიზნით, შეიქმნა ფოტორობოტი, რომელიც გაეგზავნა ყველა ოპერატიულ დანაყოფს“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამას გარდა, დისტანციურად გამოიკითხა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი შანაი ბრუკის მეგობარი, რომელთანაც შანაი ბრუკს გარდაცვალებამდე ჰქონდა კომუნიკაცია სოციალური ქსელის მეშვეობით. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სავარაუდო დამნაშავის ბიოლოგიური კვლები, დნმ-ის ბაზებთან შედარების მიზნით, ინტერპოლის წევრ 194 სახელმწიფოში გადაგზავნეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შანაი ბრუკი ბოლო ერთი წლის განმავლობაში დროებით ცხოვრობდა თბილისში. როგორც დაღუპულის მეგობრები აცხადებენ, ახალგაზრდა ქალი სპორტით იყო დაკავებული და მთაწმინდაზე ხშირად სეირნობდა.
ავსტრალიელი ქალის მკვლელობის საქმეზე სავარაუდო დამნაშავის ფოტორობოტი შეადგინეს
ავსტრალიის მოქალაქე სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით 15:30 საათზე ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს. დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ესაუბრებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ქალს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.