თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოდან რვა თვეში მსოფლიოს 59 ქვეყანაში 65 მილიონამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 19%-ით მეტია, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
მიმდინარე წლის იანვარი–აგვისტოში ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 145 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 13%-ით მეტია.
ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი – 29% (3.638.057), ჩინეთი – 9% (3.373.517), ლატვია – 4% (1.119.219), ლიეტუვა – 56% (675.510), აშშ – 26% (700.696), გერმანია – 23% (553.852), დიდი ბრიტანეთი – 73% (435.264).
მიმდინარე წელს ზრდა ასევე აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა – 132%, შვედეთი – 65%, ჩეხეთი – 646%, საფრანგეთი – 31%, ყაზახეთი – 37%, ისრაელი – 52%, აზერბაიჯანი – 21%, თურქეთი – 156%, უკრაინა – 16%, რუსეთი – 17%, მონღოლეთი – 316%, ბელარუსი – 13%.
ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან სხვადასხვა მოცულობით ღვინის ექსპორტი 368 კომპანიამ განახორციელა.
ღვინის გარდა, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 22 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 21%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 40,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 8%).
ექსპორტირებულია 570 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 115% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,3 მლნ აშშ დოლარს აღწევს. ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 91% შეადგინა.
ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 234 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.