ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის საქართველოში სასჯელი გამკაცრდება

კანონპროექტის თანახმად, ავტომობილის მართვა არაფხიზელ მდგომარეობაში გამოიწვევს მართვის უფლების შეჩერებას ერთი წლის ვადით.
Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომელიც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში ადმინისტრაციული ზომების გამკაცრებას ითვალისწინებს, დეპუტატებმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს.
პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს პარლამენტის 84-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო ერთი დეპუტატი. კანონი ძალაში „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ შევა.
კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი არიან.
ფოთთან ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
კანონპროექტის თანახმად, ალკოჰოლური სიმთვრალისას სატრანსპორტო საშუალების მართვა, აგრეთვე ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.
მართვის უფლების შეჩერების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.
მოქმედი კანონმდებლობით, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა 6 თვით მართვის უფლების შეჩერებას იწვევს. განმეორებითი დარღვევა იწვევს ჯარიმას 700 ლარის ოდენობით და მართვის უფლების ერთი წლით შეჩერებას.
2020 წელს ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო მომხდარი 137 ავტოავარიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 214 კი დაშავდა.