ფეხბურთი: საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან ტესტ-მატჩი წააგო

ამხანაგური სტატუსის მიუხედავად შეხვედრა საკმაოდ უხეში გამოდგა - გუნდებმა ჯამში 38 ფოლი დააფიქსირეს და 6 ყვითელი ბარათი დაიმსახურეს
Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა სოფიაში ბულგარეთთან ამხანაგური მატჩი ანგარიშით 1:4 წააგო.
პირველ ტაიმში მასპინძელმა სამი გოლი გაიტანეს გიორგი მამარდაშვილის კარში, რომლისთვის ეს თამაში ნაკრებში სადებიუტო იყო. თავი გამოიჩინეს ტოდორ ნედელევმა, დიმიტარ ილიევმა და სპას დელევმა.
შესვენების დასრულებიდან რამდენიმე წუთში მასპინძლებმა გაიტანეს მეოთხე გოლი, რომლის ავტორი ანდრეა ხრისტოვი გახდა.
ერთადერთი, რითაც ქართველებმა ბულგარელებს უპასუხეს, იყო პრესტიჟის გოლი ზურიკო დავითაშვილის შესრულებით. ტულის „არსენალის“ 20 წლის შემტევი ნახევარმცველისთვის ეს გოლი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო გახდა.
სანიოლი: ხანდახან იმედგაცრუება საჭიროა, რომ მომავალში უკეთესი გახდე
აღსანიშნავია, რომ ამხანაგური სტატუსის მიუხედავად შეხვედრა საკმაოდ უხეში გამოდგა. თითოეულ გუნდს 19-19 ფოლი დაუფიქსირდა, აქედან ექვსმა ყვითელი ბარათი დაიმსახურა.
ფრანგი სპეციალისტი ვილი სანიოლისთვის ეს მატჩი გახდა მეშვიდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა განიცადა ხუთი წაგება, ერთი თამაში ფრედ დაასრულა და რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში ერთადერთი მოგება მოიპოვა (2:1).
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ოქტომბერში ჩაატარებს. 9 ოქტომბერს საქართველო საბერძნეთს უმასპინძლებს, სამი დღის შემდეგ კი გასვლაზე კოსოვოს დაუპირისპირდება.