მსოფლიო დღეს

უმეტესად თალიბები: აშშ შეშფოთებულია ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობით

Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. შეერთებული შტატები შეშფოთებულია რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მიერ შექმნილ დროებით მთავრობაში ცალკეული პირების შესვლით, განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.

„აღვნიშნავთ, რომ [ავღანეთის მთავრობის] გამოცხადებული სია შედგება მხოლოდ „თალიბანის“ წევრების, ან მათი ახლო მხარდამჭერებისგან. და მასში არ არიან ქალები. ჩვენ შეშფოთებული ვართ ზოგი მათგანის კავშირებითა და ბიოგრაფიით“, — აღნიშნა დიპლომატმა.

როგორც აშშ-ის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ვაშინგტონს ესმის, რომ საუბარია დროებით მთავრობაზე, მაგრამ თალიბებზე მათი ქმედებების მიხედვით იმსჯელებენ და არა დაპირებებისა.
„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ავღანელი ხალხი ინკლუზიურ მთავრობას იმსახურებს“, — თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
მსოფლიო დღეს
ავღანეთი შარიათის კანონებით იცხოვრებს – „თალიბანი“ განცხადებას ავრცელებს
მოძრაობა „თალიბანმა“ 7 სექტემბერს ისლამური რესპუბლიკის დროებითი მთავრობის შემადგენლობა გამოაცხადა. მინისტრთა კაბინეტში ძირითადი პოსტები მოძრაობის ცნობილმა წევრებმა დაიკავეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას „თალიბანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მოჰამად ჰასან ახუნდი შეასრულებს, რომელიც გაეროს სანქციების სიაშია 2001 წლიდან. 1996-2001 წლებში, როდესაც ავღანეთს „თალიბანი“ მართავდა, ახუნდი საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრემიერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, იყო ყანდაგარის გუბერნატორი.
გარდა ამისა, ახალ მთავრობაში ახუნდის ორი მოადგილის პოსტზე „თალიბანის“ პოლიტიკური ოფისის ხელმძღვანელი მულა აბდულ ღანი ბარადარი და აბდულ სალამ ჰანაფი დაინიშნენ. მანამდე ეს უკანასკნელი ბარადარის მოადგილე იყო „თალიბანში“.
მსოფლიო დღეს
ჯო ბაიდენმა უპასუხა კითხვას „თალიბანის“ აღიარების შესახებ
საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ამირ ხან მუთაქი შეასრულებს — „თალიბანის“ ცნობილი წევრი, რომელიც ასევე შედიოდა 1996-2001 წლების მთავრობაში და სხვადასხვა სამინისტროების ხელმძღვანელის პოსტები ეკავა.
თავდაცვის მინისტრის მოვალეობას „თალიბანის“ ლიდერის მოადგილე მოჰამედ იაკუბი შეასრულებს, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრისა — სარაჯუდინ ჰაკანი, „თალიბანის“ ყველაზე რადიკალური ფრთის – „ჰაკანის ქსელის“ ლიდერი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ის განსაკუთრებით საშიშ საერთაშორისო ტერორისტთა სიაში ჰყავს შეყვანილი.