COVID-19 - ბოლო ცნობები

აიცერი და მოიგე: ლატარიის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარამდეა

ლატარიის კომპანიას წვდომა ექნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბაზაზე, სადაც ერთი ან ორი დოზით ვაქცინირებული ყველა პირია იდენტიფიცირებული.
Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ვაქცინირებული პირების წახალისების მიზნით 13 სექტემბრიდან ლატარიის გათამაშება დაიწყება, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე.
ლატარიის კომპანია ყოველდღიურად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ვაქცინირებული პირებისთვის ფულად პრიზებს გაათამაშებს. ლატარიის საერთო საპრიზო ფონდი 2.800.000 ლარს შეადგენს.
ლატარია წლის ბოლომდე ყოველდღიურად გათამაშდება. ამასთან, ყოველდღიური გათამაშების გარდა, იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება. გათამაშებაში მინიმალური თანხა 100 ლარიდან დაიწყება.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ვაქცინირებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ლატარიაში ფული მოიგონ: გამყრელიძის ინიციატივა
ყოველდღიურად გათამაშდება 100-დან 500 ლარამდე, ყოველკვირეულად კი 1.000, 1.500 და 10.000 ლარი.
შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს გაიმართება, რომლის საპრიზო ფონდიც 100 ათასი ლარია.
ლატარიაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც 13 სექტემბრამდე ერთჯერადად და ორჯერადად აცრილები, ასევე მის შემდეგ აცრილები. გათამაშების შედეგები გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე stopcov.loto.ge.
ლატარიის კომპანიას წვდომა ექნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბაზაზე, სადაც ერთი ან ორი დოზით ვაქცინირებული ყველა პირია იდენტიფიცირებული.
7 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1.340.062 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 850.868 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 29,8%. სრულად ვაქცინირებულია 489.194 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 17,1%.