რამდენიმე ათასი თბილისელი თითქმის ორი დღე-ღამით გაზის გარეშე დარჩება

გათიშვა უკავშირდება ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე ახალ გაზსადენზე გადართვით სამუშაოებს
Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი - Sputnik. თბილისში ხუთი ათასზე მეტ აბონენტს 8 სექტემბრიდან თითქმის ორი დღე-ღამით ბუნებრივი აირი შეუწყდება, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“.
გაზგამანაწილებელი კომპანიის მონაცემებით, გათიშვა უკავშირდება ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე ახალ გაზსადენზე გადართვით სამუშაოებს. სამუშაოები კომპანია „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ დაკვეთით მიმდინარეობს.
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გათიშვა მოხდება 8 სექტემბერს 18:00 საათიდან, ხოლო გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება 10 სექტემბერს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.
გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოს აბონენტთა ნაწილს, კერძოდ, გაგარინის მოედნის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს, დიღომში, ვაშლიჯვარსა და მარშალ გელოვანის გამზირზე, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის ქუჩებზე, ნუცუბიძის პლატოზე, შპს „ლისი ვერანდას“ და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ქუჩების სრული ჩამონათვალი, სადაც გაზმომარაგება შეწყდება, კომპანიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.