COVID-19 - ბოლო ცნობები

რამდენად აგრესიული იქნება კორონავირუსის მეხუთე ტალღა საქართველოში

კორონავირუსის მორიგი ტალღა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში შეიძლება COVID-19-ის მუდმივი მუტაციის შედეგად გაჩენილმა ახალმა შტამებმა გამოიწვიოს.
Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღაც იქნება, მაგრამ არა ისეთი მძიმე, როგორიც მესამე და მეოთხე ტალღა იყო, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს მთავარი ინფექციონისტის განმარტებით, მეოთხე ტალღის მძიმე დღეები ქვეყანამ უკვე გადაიტანა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველო მეხუთე ტალღის მოლოდინშია? – რისთვის ემზადება ჯანდაცვის უწყება
„მეხუთე ტალღა საქართველოში ალბათ იქნება, იმიტომ რომ იგი მთელ მსოფლიოში იქნება, თუმცა, არ მგონია იყოს მძიმე. მგონია, რომ ყველაზე მძიმე დღეები ჩვენ უკვე გადავიტანეთ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს მიმდინარე ვაქცინაციის პროცესი. სანამ მეხუთე ტალღა დაიწყება, სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა იქნება მეტი და ეს არის ერთ-ერთი დამცავი ბარიერი, რომ ჩვენთან მეხუთე ტალღა შედარებით რბილი იყოს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ცერცვაძეს მიაჩნია, რომ კორონავირუსის მეოთხე ტალღის დროს საზოგადოებამ სერიოზული გამოცდილება მიიღო და ადამიანები ერთმანეთს უფრო მეტად გაუფრთხილდებიან.
როგორც მან აღნიშნა, მედიცინა მუდმივ პროგრესშია, ჩნდება ახალ-ახალი მედიკამენტები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე დღეს არსებული მედიკამენტები.
COVID-19 - ბოლო ცნობები
რა შემთხვევაში შემცირდება ლეტალობის შემთხვევები: ცერცვაძის განმარტება
„გპირდებით, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც შემოიტანს ამ მედიკამენტებს. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ პროგნოზი არის საიმედო“, – განაცხადა ცერცვაძემ.
სპეციალისტების ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა შეიძლება განპირობებული იყოს ახალი შტამების გამოჩენით, ასევე არასაკმარისი იმუნური ფენის ჩამოყალიბებით და რეგულაციების უგულებელყოფით.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და დაკავშირებულია „დელტა“ შტამის გავრცელებასთან. ახალი შტამი განსაკუთრებით აგრესიული ბავშვების და ორსულების მიმართ გამოდგა.