თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში პირველკლასელები სწავლას არა 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერს დასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში დაიწყებენ, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
უწყების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე არის მიღებული.
სამინისტრო აქვე აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება.
დანარჩენი მოსწავლეები სწავლას 15 სექტემბერს დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ, ხოლო 4 ოქტომბრიდან დასწრებით რეჟიმზე გადავლენ.
„აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება პედაგოგიკურ მოსაზრებას, რომლის თანახმად, პირველკლასელთა პირველი სასკოლო გამოცდილება უმჯობესია წარიმართოს საკლასო გარემოში, თანაკლასელებისა და მასწავლებლების გარემოცვაში“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი პირველკლასელთა სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით რეკომენდაციას სამინისტროსგან მიიღებენ. გარდა ამისა, კერძო სკოლები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, პირველკლასელები სწავლას დასწრებითი ფორმით დაიწყებენ თუ ონლაინ რეჟიმში.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 15 სექტემბერს სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება. საკოორდინაციო საბჭო შემდეგ გადაწყვეტილებაზე 4 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით იმსჯელებს.
საკოორდინაციო საბჭომ უკვე განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში იმ სოფლებსა და ქალაქებში, სადაც ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ ჩამოვა, დისტანციური რეჟიმი მოიხსნება და სწავლა გაგრძელდება დასწრებულ ფორმატში.
„ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ტენდენციიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ქვეყნის მასშტაბით სკოლების დიდ ნაწილში 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს გვერდზე.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წინა სემესტრის მსგავსად ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურად მოქნილ სისტემას შესთავაზებს სასკოლო საზოგადოებას. კერძოდ, სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ გააკეთონ არჩევანი დასწრებულ და დისტანციურ სწავლებას შორის. ეს გადაწყვეტილება ვრცელდება პირველკლასელებზეც.
კორონავირუსის პანდემიის გამო თითქმის მთელი 2020/2021 სასწავლო წლის განმავლობაში სწავლის პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9%-დან 46%-მდე გაიზარდა და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.