COVID-19 - ბოლო ცნობები

ამნისტია კოვიდ-დამრღვევებისთვის: პარლამენტი ინიციატივას კენჭს უყრის

საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო ჯამში 76 მლნ ლარის ოდენობის გადაუხდელ ჯარიმებზე.
Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე მესამე მოსმენით კენჭს უყრის კანონპროექტების პაკეტს, რომელიც კოვიდ-შეზღუდვების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ამნისტიას ითვალისწინებს.
ამნისტიის ფარგლებში ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი. საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო ჯამში 76 მლნ ლარის ოდენობის გადაუხდელ ჯარიმებზე.
საქართველოში კანონდამრღვევებს კოვიდ–ჯარიმებს ჩამოაწერენ
აღნიშნულ ინიციატივას მხარს უჭერენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
„ჩვენ სრულიად ვეთანხმებით ამნისტიას. აღნიშნული ჯარიმები იყო არასამართლიანი და მოსახლეობის მხრიდან არ უნდა ყოფილიყო გადახდილი“, – განააცხადა პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
საკანონმდებლო პაკეტს მხარს უჭერენ მმართველ გუნდში, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს არ უნდა იყოს აღქმული როგორც კოვიდ-რეგულაციების წესების დარღვევის წახალისება.
„მოსახლეობის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, პრემიერმა ჩათვალა საჭიროდ, რომ მოქალაქეებს ჯარიმები ჩამოეწეროს და ამით მათი მატერიალური მდგომარეობა შემსუბუქდეს. ბუნებრივია, ჩვენ ამ კანონს მესამე მოსმენით მივიღებთ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
ვის ჩამოაწერენ ჯარიმებს საქართველოში
საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვების შემოღების პარალელურად წესების დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები დაწესდა.
პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა – 40 ლარით დაჯარიმებას.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმდება. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.