თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 8 სექტემბერს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვევა, იუწყება „Sputni-სომხეთი“.
სომხეთის მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი შეხვდება თავის ქართველ კოლეგას ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის სომხურ-ქართული მოლაპარაკებები, რის შემდეგაც სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები მასმედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
„ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ ეს ფაშინიანის მესამე ოფიციალური ვიზიტია საქართველოში პრემიერ-მინისტრის რანგში. ფაშინიანის პირველი ვიზიტი საქართველოში 2018 წლის მაისში შედგა. იმავე წლის სექტემბერში ერევანს ეწვია ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით. ხოლო 2019 წლის ოქტომბერში სომხეთში ჩავიდა დელეგაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით.
ფაშინიანი საქართველოს ასევე 2020 წელს, ორივე ქვეყანაში პანდემიის დაწყებამდე ეწვია. 2021 წლის მაისში სომხეთში საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ჩავიდა.