ბათუმში სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

აქციის მონაწილეები საქართველოდან თურქეთის მიმართულებით გადაზიდვების ნებართვას მოითხოვენ და რეაგირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან ელიან.
Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა, რომლებიც თურქეთისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით გადაზიდვებს ახორციელებენ, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
მძღოლების თქმით, საერთაშორისო გადაზიდვის სპეციალური ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ისინი ვერ ახერხებენ მუშაობას.
საერთაშორისო გადაზიდვაზე ნებართვის ღირებულება, რომელსაც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო გასცემს, 70 ლარია, დოკუმენტის დაჩქარებული წესით მიღება კი 100 ლარი ღირს.
აქციის მონაწილეთა თქმით, 100-ზე მეტი მძღოლი საქართველოში ახლა სწორედ ამ ნებართვის მიღებას ელოდება და მათთვის გაუგებარია, რატომ აფერხებს სააგენტო დოკუმენტის გაცემას.

„გვაძლევენ ერთჯერად ნებართვებს. ერთ „რეისს“ გააკეთებ, უკან დაბრუნდები და ეს პროცედურები ისევ უნდა გაიარო. 22 დღის წინ გვითხრეს, რომ ნებართვები შეზღუდული რაოდენობითაა და საჭირო იყო მათი დაჩქარებული წესით აღება. ახლა კი გვეუბნებიან, რომ დაჩქარებული ნებართვაც აღარაა. 20 დღეა თურქეთშიც აღარ გვიშვებენ“, – განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.

მძღოლების აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ. როგორც მან აღნიშნა, გადამზიდავებს პრობლემებს ხელოვნურად უქმნიან.
ბათუმში საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლებმა აქცია გამართეს
„მათი მოთხოვნა სამართლიანია, ისინი ისედაც ძალიან მძიმე სამუშაოს ასრულებენ. მათ სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა, ამის სანაცვლოდ კი ხელოვნურად უქმნიან პრობლემას. მათ არ აძლევენ ნებართვებს, რომელიც ტვირთის გადასატანად ესაჭიროებათ. ამ საკითხზე უკვე მერამდენედ იმართება აქცია“, – განაცხადა ბაკურიძემ.
მისი თქმით, ამ ადამიანებს ჰყავთ ოჯახები და აღებული აქვთ საბანკო ვალდებულებები.
აქციის მონაწილეები რეაგირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან ითხოვენ. პროტესტის ნიშნად მძღოლებმა აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შესასვლელი რამდენიმე წუთით გადაკეტეს. სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ აქციის მონაწილეებმა სავალი გზა გაათავისუფლეს და პროტესტი მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.