მსოფლიო დღეს

მასუდის დაძახილზე: ავღანეთში ანტითალიბანური და ანტიპაკისტანური აქციები დაიწყო - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ავღანეთის ქალაქებში მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა და „თალიბანის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავს, იუწყება „Sputnik ავღანეთი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთის მოქალაქეები ქაბულში, დაიკუნდიში, ღანზიში, მაზარ-შარიფსა და სხვა ქალაქებში მას შემდეგ გავიდნენ დემონსტრაციებზე, რაც წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერმა აჰმად მასუდი-უმცროსმა მიმართა მათ და „თალიბანის“ წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდა.
„სადაც უნდა იყოთ, საზღვარგარეთ თუ ქვეყანაში, მოგიწოდებთ ყველას, დაიწყოთ საყოველთაო ამბოხი ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებისა და განდიდებისთვის. აჯანყდით ყველა, როგორც შეგიძლიათ“, — ამბობს ის აუდიოჩანაწერში.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ანტიპაკისტანურ და ანტითალიბანურ ლოზუნგებს სკანდირებენ და მხარდაჭერას უცხადებენ წინააღმდეგობის ფრონტს.
„თალიბანი დამნაშავეა! მისი საქმიანობა მკვლელობაა“ — ისმის შეძახილები.
სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ დემონსტრანტებს შორის არიან შეიარაღებული პირებიც.
ცოტა ხნის წინ სააგენტო TOLO News-მა გაავრცელა ინფორმაციას, რომ დაუდგენელი კუთვნილების თვითმფრინავებს ავიაშეტევები მიაქვს პანჯერში მყოფ თალიბებზე. „Sputnik ავღანეთი“ არ ადასტურებს ამ ცნობას და წერს, რომ ეს ცრუ ინფორმაციაა.