ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი რამდენიმე დღის წინ ვენეციის კინოფესტივალს სტუმრობდა. პიანისტმა შავი კაბა მოირგო, რომელშიც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. ამასთან, ქართველ პიანისტს, რომელიც ამავე დროს Cartier-ს სახეა, ამ ბრენდის სამკაულები ამშვენებდა.
ბუნიათიშვილმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს ვენეციის კინოფესტივალიდან ახალი ფოტო გაუზიარა, სადაც ის ცნობილ მსახიობთან, ჰოლივუდის ვარსკვლავთან ჯეიკ ჯილენჰოლთან ერთადაა აღბეჭდილი.
„ჯეიკი იღბლიანი ყოფილა შენ რომ შეგხვდა“, „მხოლოდ ერთი ვარსკვლავია ფოტოზე და ეს ხატიაა“, „ლამაზი წყვილი“, „რა ხდება, ერთმანეთს ხვდებით?“, „კარგი ფოტოა ხატია, ბიჭი ვინ არის?“ – უწერენ პიანისტს კომენტარებში.
ამჟამად ბუნიათიშვილი პარიზში ცხოვრობს, არის საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქე. ის ორჯერ გახდა ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდოს Echo Klassik ლაურეატი – 2012 წელს ფერენც ლისტის ალბომისთვის და 2016 წელს ალბომისთვის „კალეიდოსკოპი", რომელშიც შევიდა მუსორგსკის, რაველისა და სტრავინსკის ნაწარმოებები.
ბუნიათიშვილმა სხვადასხვა ქვეყნის მრავალი დიდი სცენა დაიპყრო, არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში.
ხატია ბუნიათიშვილი დაიბადა თბილისში 1987 წელს. ფორტეპიანოზე დაკვრა უფროს დასთან გვანცასთან ერთად სამი წლის ასაკიდან დედის ხელმძღვანელობით დაიწყო. ექვსი წლის იყო, როდესაც თბილისში მისი პირველი კონცერტი გაიმართა კამერული ორკესტრის თანხლებით.
კონსერვატორიის სტუდენტობისას, 2003 წელს ხატიამ კიევში ვლადიმირ ჰოროვიცის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზი მიიღო, ხოლო ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების მხარდასაჭერად გამართულ კონკურსზე – პირველი პრიზი. ბუნიათიშვილი ასევე Borletti-BuitoniTrustAward (2010) პრემიის ლაურეატია, EchoKlassikAwards-ზე (2012) „წლის საუკეთესო ახალბედას" წოდება მიიღო.