თბილისის სასამართლომ ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის წინააღმდეგ საქმის განხილვა განაახლა

სასამართლო პროცესები დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და ეს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება, განაცხადა „ტვ პირველის“ გენერალურმა დირექტორმა, ვატო წერეთელმა
Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის განხილვა განახლდა.
მოწმის სახით ორშაბათს, 6 სექტემბერს, შემოსავლების სამსახურის მთავარ აუდიტორ გიორგი ბარამიძეს მოუსმინეს.
როგორც „ტვ პირველის“ გენერალურმა დირექტორმა, ავთანდილ წერეთლის შვილმა ვატო წერეთელმა განაცხადა, სასამართლო პროცესები დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და ეს, მისი თქმით, მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.
„ვუახლოვდებით რეფერენდუმის დღეს, დარჩენილია რამდენიმე კვირა, ამიტომ განახლდება სასამართლო ჩემი ოჯახის მიმართ და ის წარიმართება დაჩქარებული წესით. სასამართლო არა მარტო ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, კრიტიკულად განწყობილი მასმედიის წარმომადგენლების, მედიამენეჯერების ოჯახის წევრების მიმართ“, - განაცხადა ვატო წერეთელმა.
2019 წლის სექტემბერში ვახტანგ (ვატო) წერეთელმა გირაო შეიტანა მამის გასათავისუფლებლად, რომელსაც ბრალი ედებოდა „თიბისი ბანკის“ მეშვეობით მილიონობით ლარის გათეთრებაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, არ დაეპატიმრებინა კომპანიების „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი М“-ის დამფუძნებელი, ავთანდილ წერეთელი 500 ათასი ლარის სანაცვლოდ.
საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M“-მა, კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16.664.000 აშშ დოლარი. იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.
საქართველოში მაღალჩინოსანი ფულის გათეთრებისა და თაღლითობისთვის დააკავეს
2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.
„თიბისი ბანკს" არ მოუთხოვია თანხის დაბრუნება არც იმათგან, ვინც თავდებში დაუდგა „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდს". „თიბისი ბანკმა" ასევე არ ჩამოაჭრა ფული კომპანიებს ანგარიშებიდან და არ ჩამოართვა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება.
მილიონობით დოლარის დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში.
პარალელურად „თიბისი ბანკი" პერიოდულად ათავისუფლებდა იპოთეკისგან ზემოთ ხსენებული ორი კომპანიის მიერ ჩადებულ უძრავ ქონებას.
ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი წაუყენეს ფულის გათეთრებაში . მათ უკვე შეიტანეს გირაო - 700-700 ათასი ლარი.
როგორც ავთანდილ წერეთელმა აღნიშნა, მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია, არამედ მხოლოდ ფული ასესხა მეგობრებს.