თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პროკურატურას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე ორი პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის რეკომენდაციით მიმართა.
თბილისში ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია ორი დღე (5–6 ივლისს) გაგრძელდა, რომელიც მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. „ტრადიციული ღირებულებების დამცველები“ მკაცრად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, რომლებიც განვითარებულ მოვლენებს აშუქებდნენ.
„სახალხო დამცველი უფლებამოსილია მოითხოვოს გამოძიების, ან/და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, თუ საქმის განხილვის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა გამოიყენა ორგანული კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და ზურაბ მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა“, – განაცხადა ლომჯარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
როგორც ომბუდსმენმა განმარტა, პროკურატურისადმი აღნიშნულ წინადადებას საფუძვლად დაედო საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალები, რომლებშიც ისმის კონკრეტული პირების მხრიდან ძალადობის მოწოდებები, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ.
„სახალხო დამცველის წინადადებაში დასაბუთებულია, რომ 5 ივლისს ზურაბ მახარაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჯგუფურ ძალადობას, მათ შორის, პარლამენტის წინ დადგმული საპროტესტო კარვების გატანასა და „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისების დარბევის მიზნით სხვადასხვა ჯგუფების გამოყოფას“, – აღნიშნა ლომჯარიამ.
გარდა ამისა, სახალხო დამცველმა პროკურატურას მოსთხოვა დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის წინააღმდეგაც საქმის აღძვრა.
„5 ივლისს, დაახლოებით 14:14 საათზე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა, დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა მიკროფონით, ხმის გამაძლიერებლების საშუალებით მოუწოდა მოქალაქეებს ძალადობისკენ, რითიც გასცდა გამოხატვის თავისუფლებას და ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2391 მუხლით აკრძალული ქმედება – ძალადობის მოწოდება, რომელიც ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს“, – აღნიშნა ლომჯარიამ.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2021 წლის 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულად ცნობილია 53 პირი – ძირითადად ჟურნალისტები, და 27 პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თუმცა, როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა არავის მიმართ არ დაწყებულა.
იმ დღეს ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა თავდასხმის ობიექტი სხვა ჟურნალისტებთან ერთად გახდა „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავაც, რომელიც 11 ივლისს, მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ ოპოზიციური ტელეკომპანიების ჟურნალისტები დედაქალაქსა და რეგიონებში ქუჩაში გამოვიდნენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის ორგანიზატორებისა და მონაწილე პირების დასჯა მოითხოვეს. აქციის მონაწილეთა მტკიცებით, ლაშქარავა აქციაზე თავდასხმისას მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.