სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას საარჩევნოდ აპირებს

სახელმწიფოს ყოფილმა მეთაურმა აღნიშნა, რომ შესაძლო დაპატიმრების არ ეშინია და „გამარჯვებას ამჯერად ნამდვილად არ აქვს ალტერნატივა“.
Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის სამშობლოში დაბრუნდება.
ექს-პრეზიდენტის თქმით, მას დაპატიმრების არ ეშინია და მან ბოლო უნდა მოუღოს „ერთსა და იმავე წრეზე სიარულს“.

„მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია, რადგან დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაითავისუფლებს საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც. მე არ მეშინია, ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში... არანაირი რევანში არ იქნება, უნდა დავასრულოთ ერთსა და იმავე წრეზე სიარული“, – განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას თავის Facebook-გვერდზე.

„გვაქვს ჰალსტუხების დიდი კოლექცია და ციხე“ – პრემიერი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისთვის კომფორტული იქნება ქართულ ციხეში ყოფნა, „სადაც მას ჰალსტუხების დიდ კოლექციას დაახვედრებენ“. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრი, სადაც მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეფონზე ლაპარაკობს და ჰალსტუხს ნერვულად ღეჭავს. ეს კადრი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა, ხმაურიანი განხილვის საგანი გახდა.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. მასზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული.