თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერმა აჰმად მასუდი-უმცროსმა ავღანელ ხალხს მიმართა და მოუწოდა მათ, წინააღმდეგობა გაუწიონ „თალიბანს“.
მისი აუდიომიმართვა YouTub-არხით ვრცელდება.
„სადაც უნდა იყოთ, საზღვარგარეთ თუ ქვეყანაში, მოგიწოდებთ ყველას, დაიწყოთ საყოველთაო ამბოხი ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებისა და განდიდებისთვის. აჯანყდით ყველა, როგორც შეგიძლიათ“, — ამბობს ის აუდიოჩანაწერში.
წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერის თქმით, თუ ასე არ მოხდება, მაშინ ავღანეთი იქნება „ჩამორჩენილი, ბნელი და ყველანაირ კულტურას დაშორებული ქვეყანა“ და ამასთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაშიც მოექცევა.
აჰმად მასუდი-უმცროსის თქმით, პანჯშირში ცოტა ხნის წინ მომხდარმა შეტაკებებმა დაადასტურა, რომ ავღანეთის ხალხის წინააღმდეგ „თალიბანის“ მხარეს უცხოური ძალების იბრძვიან“.
ამასთან წინააღმდეგობის ფრონტის დაღუპული სპიკერის ფაჰიმ დაშტის Twitter-გვერდიდან, რომელიც ახლა ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტის (NRFA) აკაუნტადაა გადაკეთებული და მის ოფიციალურ რესურსად შეიძლება ჩაითვალოს, ცნობილი ხდება, რომ „ჰაერიდან პაკისტანის მხარდაჭერით პანჯშირის სრულ ოკუპაციაზე განცხადება სიცრუეა. ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის ძალები წინასწარ მომზადებულ საყრდენ პუნქტებში იმყოფებიან და ბრძოლას განაგრძობენ“.
გარდა ამისა, სოციალური ქსელებით ვრცელდება ვიდეო, რომელიც, „Sputnik–ავღანეთის“ ცნობით, ნამდვილად პანჯშირშია გადაღებული და რომელზეც პაკისტანური გამანადგურებლის ფრენაა აღბეჭდილი ხეობის თავზე.