თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. თბილისში, სამთავრობო კანცელარიის შენობასთან ანტივაქსერების საპროტესტო აქცია გაიმართა, იუწყება ადგილიდან Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. მონაწილეთა უმრავლესობა აქციაზე პირბადეების გარეშე მივიდა. მათ პირველი რესპუბლიკის მოედნიდან კანცელარიის შენობამდე მარშით გაიარეს.
მომიტინგეები მოითხოვენ, არ დაწესდეს სავალდებულო ვაქცინაცია, აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა და გაუქმდეს მოქმედი შეზღუდვები.
აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ პლაკატები წარწერებით „არა კოვიდტერორს“, „არა იძულებით ვაქცინაციას“.
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით ინფიცირების 564.837 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 5.587 ადამიანი, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსი 514.768 ადამიანმა დაამარცხა.
კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 74 ადამიანი, პანდემიის დაწყებიდან - 7.806.