თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა დასავლეთ საქართველოში ახორციელებს 51-კილომეტრიანი გზის მშენებლობას, რომლითაც თბილისში რაჭაში მგზავრობა სამ საათში იქნება შესაძლებელი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ონში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, სერგო ხიდეშელის წარდგენისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი გზა იმერეთსა და რაჭას დააკავშირებს (საჩხერე-ონი). 51-კილომეტრიანი გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, ქვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური–ონის გზას. ეს წერტილი ქალაქ ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქალაქ ონიდან 5 კმ-ით.
პროექტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 111,2 მლნ ლარს შეადგენს.
„ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი გზა, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს და თბილისიდან ონში ადამიანი 3 საათში ჩამოვა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ონში ღარიბაშვილმა.
ამჟამად ერთდროულად ხუთ მონაკვეთზე ინტენსიურად მიმდინარეობს მიწის სამუშაოები, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. პირველ ორ მონაკვეთზე სამუშაოები დასრულებულია, გაყვანილია 10 კმ სიგრძის გზა.
ამჟამად საჩხერე-ონის მონაკვეთზე მგზავრობას დაახლოებით 2 საათი სჭირდება, ხოლო ახალი გზა მას ერთი საათით შეამცირებს. თბილისიდან ონამდე მგზავრობას დაახლოებით 6 საათი სჭირდება.