თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. წუხელ ღამით პანჯშირის ხეობაში „თალიბანსა“ და ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტს (NRFA)შორის ბრძოლებმა ინტენსივობის პიკს მიაღწია, განსაკუთრებით ეს ეხება ჰავაკის უღელტეხილს, წერს „Sputnik ავღანეთი“ საკუთარ ტელეგრამ-არხზე წყაროზე დაყრდნობით.
სააგენტო აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც სავარაუდოდ ასახავს კიდეც წუხანდელ ბრძოლას.
წყარო ამბობს, რომ NRFA-მ ჰავაკის უღელტეხილზე ასამდე თალიბი აიყვანა ტყვედ, თუმცა თალიბების დანაკარგების შესახებ ზუსტ ინფორმაციას ვერ იძლევა. აზუსტებს მხოლოდ იმას, რომ მისი ოთხი ნაცნობი წინააღმდეგობის ფრონტიდან მსუბუქადაა დაჭრილი.
გარდა ამისა, მისგანვე ხდება ცნობილი, რომ თალიბების ძალები პარიანის რაიონში არიან ბლოკირებული. NRFA-მ ათი წინ წაწევის მცდელობა მოიგერია და ბოევიკები იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ.
აღინიშნება, რომ NRFA-ს სარდლობის გათვლამ, აეფეთქებინათ პანჯშირის ხეობაში შესასვლელი სამხრეთის გზა დალარ-სანგის კლდესთან, გაამართლა. აფეთქების შემდეგ ამ გზით ვერცერთი მანქანა ვეღარ შედის ხეობაში.
„Sputnik ავღანეთის“ ცნობით, თითქმის ყველა თალიბი ბოევიკი, რომლებმაც გუშინ დილით ანაბის რაიონში წაიწიეს წინ, ტყვედაა აყვანილი. ხოლო მათ, ვინც ჯერ კიდევ რაიონშია დარჩენილი, ტყვია-წამალი უთავდებათ. წინააღმდეგობის ფრონტი მათ კაპიტულაციას უახლოეს ხანებში ელოდება.
სააგენტოს წყარო ხაზს უსვამს, რომ ვითარებას პანჯშირის ხეობაში თავიდან ბოლომდე მისი დამცველები, ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტი აკონტროლებს და ინიციატივა ამ დროისთვის სწორედ მათ ხელშია.