თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 92 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, განუცხადა ჟურნალისტებს საველე ჰოსპიტლის კოორდინატორმა მერაბ ჩიქოვანმა.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 45.688 აქტიური შემთხვევაა, აქედან 7.061 პაციენტი მკურნალობს კოვიდ-კლინიკებში, კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 2.453 ადამიანი, ხოლო 36.174 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ჩიქოვანის განცხადებით, ბინაზე უკვე გაეწერა ექვსი პაციენტი, ჰოსპიტალში კიდევ რამდენიმე პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან და შესაძლოა დღეს კიდევ რამდენიმე გაეწეროს.
„დღესაც იგეგმება პაციენტების გაწერა. ვნახოთ, როგორი იქნება მათი ლაბორატორიული კვლევის შედეგები. მეტწილად პაციენტები კვლავ ჟანგბადდამოკიდებული არიან, მაგრამ გვყავს თერაპიული პროფილის პაციენტებიც“, – განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.
ამჟამად თბილისში საველე ჰოსპიტალი სამ ადგილზეა მოწყობილი – დიღომში, სამგორში და ქავთარაძის ქუჩაზე. აქედან ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი - სამგორის საველე ჰოსპიტალი ამუშავდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანარჩენები გადაიტვირთება, ხოლო დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე საველე ჰოსპიტალმა მუშაობა 28 აგვისტოდან შეაჩერა.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2.684 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2.695 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 83 პაციენტი.