თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება მხოლოდ ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების შემდეგ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა 14 აგვისტოს, მას შემდეგ რაც ინფიცირებულთა რაოდენობა დღეში 5 ათასამდე გაიზარდა.
„როგორც კი დარგის სპეციალისტები და ეპიდემიოლოგები გვეტყვიან, რომ სიტუაცია მიდის უკეთესობისკენ, გამოსწორებულია ვითარება და მდგომარეობა, ნაკლებია სიკვდილიანობა, ნაკლებია ადამიანების ინფიცირება, რა თქმა უნდა, მაშინვე მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კალაძემ.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის პიკის ფონზე შეზღუდვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზე 13 სექტემბრამდე გააგრძელა.
საქართველოში აგვისტოს დასაწყისიდან დღემდე 137.755 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველა შემთხვევის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს. ამასთან ამავე პერიოდში დაიღუპა 1.796 ადამიანი - კორონავირუსით ყველა გარდაცვლილთა 23%.