კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

მერობის კანდიდატების ნაწილი მზად არის, კახა კალაძის ინიციატივა გაიზიაროს და ნარკოტესტი ჩააბაროს, ნაწილი კი შეთავაზებას პოპულიზმად აფასებს და კამპანიაში ჩართვას არ გეგმავს.
Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. კახა კალაძე მერობის ყველა კანდიდატს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის მიზნით ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს, ინიციატივა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას გააჟღერა.
როგორც თბილისის ამჟამინდელი მერი და მომავალი მერობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან აცხადებს, ის ნარკოტესტის ჩაბარებას ორშაბათს, 6 სექტემბერს აპირებს.
„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით პროპაგანდა, რომ „ნარკოტიკი კლავს“ და „არა ნარკოტიკს“. უბრალოდ, რატომ არ არის ეს კანონში გათვალისწინებული, არ ვიცი. პარლამენტში, დეპუტატობის კანდიდატებს ამის აუცილებლობა აქვთ, რომ ნარკოლოგიურიდან წარმოადგინონ ცნობა“, - განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძე ოპონენტებთან დებატებისთვის მზადაა
კალაძის ინიციატივას მალევე გამოეხმაურნენ თბილისის მერობის სხვა კანდიდატები. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მზად არის კამპანიაში ჩაერთოს. ის აცხადებს, რომ თუ კი საჭიროება იქნება ნარკოტესტის ჩაბარებასთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემა არ აქვს. იმავეს ამბობენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ და აცხადებენ, რომ ნარკოტესტის ჩატარება პრობლემას არც მათთვის წარმოადგენს.
თავის მხრივ პარტია „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები ინიციატივას არ იზიარებენ და თვლიან, რომ აღნიშნული საკითხის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას.
არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის მერის პოსტზე უკვე 16 კანდიდატურა დარეგისტრირდა.