აშშ-ში ასამდე ავღანელი ლტოლვილი თალიბებთან კავშირშია ეჭვმიტანილი

ორ ავღანელს თალიბებთან შესაძლო კავშირის გამო აშშ-დან კოსოვოში გააძევებენ
Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. შეერთებულმა შტატებმა თავის ტერიტორიაზე მიღებული დაახლოებით ას ავღანელ დევნილზე ეჭვი მიიტანა ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში და სულ მცირე ორი მათგანის დამატებითი შემოწმებისთვის კოსოვოში გამგზავრება გადაწყვიტა, იუწყება NBC. ამის შესახებ წერს РИА Новости.
ტელეარხის მონაცემებით, აშშ-ში იმყოფება 30 ათასზე მეტი ავღანელი, რომლებმაც სამშობლო მოძრაობა „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვეს.
„ავღანეთიდან აშშ-ში 30 ათასზე მეტი ევაკუირებული ადამიანიდან პარასკევის მდგომარეობით დაახლოებით ათი ათასის დამატებითი შემოწმება გახდა საჭირო. აქედან ასამდე ადამიანი „მონიშნულია“ „თალიბანთან“ ან ტერორისტულ ჯგუფებთან შესაძლო კავშირის გამო. ასიდან ორმა ადამიანმა საკმარისი ეჭვი გამოიწვია მათი სტატუსის ხელახალი განხილვისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკის ხელისუფლება გეგმავს ორი ავღანელის გაგზავნას კოსოვოს ტერიტორიაზე არსებულ სატრანზიტო პუნქტში, სადაც ეს ორი ადამიანი გადაწყვეტილებას დაელოდება.
შეერთებული შტატების ხელისუფლება აცხადებს, რომ ამზადებს ადგილებს 50 ათასი ავღანელი ლტოლვილისთვის რვა სამხედრო ბაზაზე, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რაიონში მდებარეობს.