COVID-19 - ბოლო ცნობები

ტიკარაძემ კოვიდ-პაციენტების კრიტიკული ასაკი დაასახელა

ტიკარაძის თქმით, ვაქცინაციის პროცესში ახალგაზრდები აქტიურობენ, ზედა ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა და აქტივობა კი დაბალია.
Sputnik
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ როგორც ქალ, ისე მამაკაც კოვიდ-პაციენტებს შორის კრიტიკული ასაკი დაასახელა.
ტიკარაძის თქმით, მამაკაცებში კრიტიკულ ასაკად ითვლება 70–79 წელი, ქალებს შორის – 80–90 წელი.
„გამოიკვეთა, რომ 60 წელს ზემოთ პირებს შორის ლეტალობა განსაკუთრებით მაღალია. ეს მონაცემები გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენს 60 წელს ზემოთ მოქალაქეებს დაჟინებით მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
რა შემთხვევაში შემცირდება ლეტალობის შემთხვევები: ცერცვაძის განმარტება
მან ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესში განსაკუთრებით აქტიურად არიან ჩართული ახალგაზრდები, ზედა ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა და აქტივობა კი დაბალია.
„მიგვაჩნია, რომ თუ ეს პირამიდა ადეკვატურად არ შეიცვლება და არ მივყვებით გასულ წელს დადგენილ ვაქცინაციის კალენდარს, სამწუხაროდ, კვლავ დაგვრჩება გადატვირთული კლინიკები და მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.259.391 აცრა. აქედან ერთი დოზით აცრილია 822.297 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 28,8%, ხოლო სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 437.094 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 15,3%.