თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. პანჯშირის ხეობაზე „თალიბანის“ ბოევიკების ღამის შეტევა წარუმატებელი გამოდგა, წერს სააგენტო TOLOnews-ის ყოფილი თანამშრომელი მუსლიმ შირზადი საკუთარ Twitter-გვერდზე.
გარდა ამისა, ჟურნალისტი იტყობინება, რომ „თალიბანმა“ გაწყვიტა ყველანაირი სატელეკომუნიკაციო კავშირი პანჯშირის პროვინციაში, და რომ „თალიბანი“ დღეს არ გამოაცხადებს მთავრობის შემადგენლობას.
სააგენტო „Sputnik–ავღანეთის“ წყაროების თანახმად, „თალიბანმა“ ხეობას სამი მიმართულებით შეუტია: შოთოლის რაიონში, ასევე ჰავაკისა და ანჯუმანის უღელტეხილებზე, მაგრამ წარმატებას ვერც ერთი მიმართულებით ვერ მიაღწია.
უფრო მეტიც, დილით ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტის (NRFA) მებრძოლებმა შეძლეს დაებრუნებინათ ტერორისტების მიერ მანამდე დაკავებული რამდენიმე პოზიცია.
ამასთან ვრცელდება ცნობა „თალიბანის“ კატასტროფული დანაკარგების შესახებაც, თუმცა უფრო დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება. საქმე ისაა, რომ გულბაჰარის მხარეში მიმდინარე ბრძოლებმა სატელეკომუნიკაციო ანტენა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც პროვინციაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია.
მანამდე „თალიბანმა“ გამოაცხადა, რომ 2-3 სექტემბრის ღამით წინააღმდეგობის ფრონტის პოზიციებს „საუკეთესო ძალებით“ შეუტევდა, რა დროსაც სამხედრო ტექნიკასაც გამოიყენებდა.