თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. 2021 წლის ივლისში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,3%-ით გამყარდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0,6%-ით შემცირდა, ნათქვამია ეროვნული ბანკის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
2021 წლის ივლისში ლარის კურსი დოლარის მიმართ 3,1616-დან 3,1288-მდე ანუ 2,1%-ით, ხოლო ევროს მიმართ 2,9%-ით გამყარდა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
2021 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 5,3%-ით გაიზარდა, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი 0,8%-ით.
ივლისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 11,9% შეადგინა. სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს რაც შეეხება, ამაზე მაღალი ინფლაცია მაღალი მხოლოდ თურქეთში იყო – 19,0%. დაბალი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა უკრაინაში – 10,2%, ბელარუსში – 9,8%, სომხეთში – 8,2%, რუსეთში – 6,5%, აზერბაიჯანში – 6,0%, აშშ-ში – 5,4% და ევროზონაში – 2,2%.
ივლისში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონი არ ჩაუტარებია. 2021 წლის პირველ ოთხ თვეში რეგულატორმა შვიდ აუქციონზე ჯამში 242,9 მლნ დოლარი გაყიდა.