თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა დაინიშნა, ნათქვამია ნატოში ესპანეთის წარმომადგენლობის Twitter-ის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ესპანელი დიპლომატი ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის პოსტსაც დაიკავებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
აღნიშნულ თანამდებობაზე კოლომინამ ჯეიმს აპატურაი შეცვალა, რომელსაც პოსტი 2010 წლიდან ეკავა. აპატურაიმ ნატოს გენმდივნის მოადგილის თანამდებობა შეინარჩუნა.
ამ თანამდებობაზე იგი ნატოს კიბერუსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების განვითარების, მონაცემთა ბაზის ანალიზისა და გლობალურ უსაფრთხოებაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის საკითხებით დაკავდება.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო გახდა მონაწილე პროგრამისა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“.
2004 წლიდან საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობამ უფრო ინტენსიური ხასიათი შეიძინა, 2011 წელს კი ქვეყანამ მიიღო „ნატოს ასპირანტი ქვეყნის“ სტატუსი. 2014 წლის უელსის სამიტზე დამტკიცდა ღონისძიებათა პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისკენ სწრაფვას შეუწყობს ხელს.