კახეთს კვლავ სეტყვამ გადაუარა: რა ვითარებაა რეგიონში

საქართველოს ცალკეულ რაიონებში უამინდობამ სერიოზული პრობლემები შექმნა. ადგილობრივი ხელისუფლება ზარალს ითვლის.
Sputnik
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. სეტყვამ, ძლიერმა ქარმა და წვიმამ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში პრობლემები შექმნა.
კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში სეტყვამ სოფელ შაქრიანში სასოფლო–სამეურნეო სავარგულები დააზიანა. სეტყვამ სოფელს პრობლემები 26 აგვისტოსაც შეუქმნა. მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას სტიქიისგან მიყენებული ზარალი აუნაზღაურდება. ფერმერებმა დასეტყვილი ყურძნის 90% ადგილობრივ საწარმოებში უკვე ჩააბარეს.
დასეტყვილი ყურძნის ჩაბარების ვადა იწურება
სოფელ გრემში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
სეტყვის შედეგად ზიანი მიადგა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულსაც, სადაც, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 70 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი დაისეტყვა.
ძლიერი წვიმის შედეგად ქვიშა და ლამი ჩამოიშალა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. ადგილზე მობილიზებული იყო მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკა. მოხდა გზის ნაშალი მასისგან გაწმენდა და ამ დროისათვის საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი.
ძლიერი ქარი თბილისში: წაქცეულმა ხეებმა მანქანები და გარე განათება დააზიანა
უამინდობამ პრობლემები შექმნა დასავლეთ საქართველოშიც. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, მოგლიჯა ღობეები, დაზიანდა ავტომობილები.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ასევე კვარიათში, სადაც გზის სავალ ნაწილზე მეწყერი ჩამოწვა. გზის გაწმენდითი სამუშაოების დამთავრებამდე კვარიათის მოსახლეობა დროებით შემოვლითი გზით ისარგებლებს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოში 4 სექტემბრიდან გამოიდარებს.