თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. მუშავდება მოდელი, რომლის მიხედვით თითოეული ოჯახის ექიმი მასთან რეგისტრირებული კოვიდ-პაციენტის ბინაზე მართვას უზრუნველყოფს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას განმარტებით, აღნიშნული მოდელი სისტემას კიდევ უფრო გააფართოებს და ოჯახის ექიმებისთვის შემთხვევების მართვა უფრო ადვილი იქნება.
„იყო შემთხვევები, როდესაც ოჯახის ექიმმა დაგვიანებით გასცა პასუხი პაციენტს, ან შედარებით გვიან დაუკავშირდა. ახლა შედარებით შემსუბუქდა დატვირთვა. ჩვენ ვმუშაობთ დეცენტრალიზაციის კიდევ უფრო გაფართოებაზე. სამომავლოდ მუშავდება მოდელი, როდესაც თითოეული ოჯახის ექიმი მასთან რეგისტრირებული მოქალაქეების მართვას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა გაბუნიამ.
მისი ინფორმაციით, კოვიდ-პაციენტი მიიღებს სერვისს მისივე ოჯახის ექიმისგან, ვისთანაც ის რეგისტრირებულია. თუ მოქალაქე არ არის რეგისტრირებული ოჯახის ექიმთან, ამ შემთხვევაში მას მოემსახურება ონლაინ-კლინიკა.
„ეს სისტემას კიდევ უფრო გააფართოვებს და მეტად ადვილი იქნება თითოეული ოჯახის ექიმისთვის შემთხვევების მართვა. ქსელი საკმარისად მზად არის იმისთვის, რომ თითოეული ოჯახის ექიმი ჩაერთოს მასთან რეგისტრირებული პაციენტის მართვაში“, – აღნიშნა გაბუნიამ.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს. გაზრდილია ლეტალობის მაჩვენებელიც – მხოლოდ აგვისტოში საქართველოში 1.588 ინფიცირებული გარდაიცვალა.
სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელებას უკავშირდება.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევნის გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.259.391 აცრა. აქედან ერთი დოზით აცრილია 822.297 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 28,8%, ხოლო სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 437.094 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 15,3%.