თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. თბილისში პოლიტიკური პარტია „ხალხისთვის“ დამფუძნებლისა და დედაქალაქის მერობის კანდიდატის ანა დოლიძის ორგანიზებით „დედების მარში“ გაიმართა.
დოლიძის თქმით, დედაქალაქის ქუჩები ბავშვების გასასეირნებლად სულ უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება – ქალაქში ტროტუარების ნაკლებობაა, ხოლო იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკებია, გადაადგილება შეუძლებელია, რადგან ტროტუარებზე ავტომობილები დგას.
„ნუცუბიძის ქუჩაზე რომ გაიარო, შუა გზაზე უნდა გახვიდე, რითიც საფრთხეს უქმნი როგორც ბავშვს, ისე საკუთარ თავს. მეგობრებო, აირჩიეთ ისეთი მერი, რომელსაც აწუხებს ქალაქის პრობლემები და რომელიც იზრუნებს იმაზე, რომ ეს ქალაქი იყოს ხალხისთვის“, – განაცხადა დოლიძემ საკუთარ ვიდეობლოგში.
ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის 2 ოქტომბრის არჩევნებზე სხვა კანდიდატებთან ერთად იბრძოლებს. პოლიტიკოსმა პარტია „ხალხისთვის“ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დააფუძნა.
დოლიძე წარსულში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო, ასევე საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი. კარიერის დასაწყისში ანა დოლიძე აქტიურად მუშაობდა არასამთავრობო სექტორში და იყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე.