თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. დღეს ექიმებმა უკვე ვიცით, როგორ მოვიქცეთ კორონავირუსის მკურნალობისას, ჩამოგითვლით პრეპარატებს, რომლებიც COVID-19-ის დამარცხებაში დაგეხმარებათ, წერს ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი ელენა მალიშევა საკუთარ Instagram-გვერდზე.
მისი თქმით, ექიმები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას მკურნალობის ამერიკულ სტანდარტებზე, ვინაიდან აშშ-ში ძალიან სერიოზულად ეკიდებიან მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას.
ამასთან ექიმი განმარტავს, რომ კორონავირუსული დაავადების მკურნალობის ამერიკული სტანდარტების ნახვა აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი. თუმცა, ამასთან, მიიჩნევს, რომ დადგა „საათების შედარების დრო“, და ასახელებს წამლებს, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს COVID-19-თან ბრძოლის ეფექტურობა.
„ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ანტიკოაგულანტები და დექსამეტაზონი (ეს წამლები შეიძლება დანიშნოს მხოლოდ ექიმმა!) ასევე ამ სიაშია Actemra (ტოცილიზუმაბი) და Olumiant (ბარიციტინიბი)“, — წერს ექიმი.
ამას გარდა, მალიშევა ამბობს, რომ ძალიან საინტერესოდ ვითარდება არბიდოლის ბედი — ოღონდ არა რუსული წარმოებისა, არამედ მისი ზუსტი ანალოგისა, რომელიც ჩინელებმა შექმნეს. დღეს ჩინელები აქტიურად სწავლობენ ამ პრეპარატს.
სპეციალისტი განმარტავს, რომ არბიდოლი შედის იმ წამლების სიაში, რომლებიც კორონავირუსზე მოქმედებს და ამ მოქმედების მექანიზმი მედიკოსებისთვის ცნობილია — რაც აშშ-ის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალ JAMA-შიც გამოქვეყნდა.
„და კიდევ: მათ ჩაატარეს მცირე კვლევა და გაარკვიეს, რომ არბიდოლი კორონავირუსით ინფიცირების რისკს აქვეითებდა როგორც მედიცინის მუშაკებს შორის, ისე იმ ოჯახებში, სადაც უკვე ჰყავდათ COVID-19-ით დაავადებული. მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი ყურადღებას იმსახურებს“, – წერს მედიკოსი.
მით უმეტეს, რომ, როგორც მალიშევა აღნიშნავს, არბიდოლს ოფიციალურად აქვს ჩვენება — კორონავირუსული ინფექციის პროფილაქტიკა და მკურნალობა.