თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. თბილისში ვაქცინაციის მსურველთათვის დამატებით ექვსი მოძრავი ამცრელი პუნქტი მოეწყო, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ და აცრა სასურველი ვაქცინით იქნება შესაძლებელი. მუნიციპალურ ტრანსპორტშივეა მოწყობილი დაყოვნების სივრცეც.
თბილისში ვაქცინაციის სამი მობილუტი პუნქტი პირველად ვარკეთილში, გლდანსა და ვაგზლის მოედანზე განთავსდა.
ახალი ამცრელი პუნქტები განთავსებულია:
საბურთალო - სითი მოლი (ვაჟა-ფშაველას გამზირი #70, ღია ავტოსადგომის ტერიტორია „სითი გარდენის“ მიმდებარედ)
გლდანი - სითი მოლი (ი. ვეკუას #1 , ღია ავტოსადგომის ტერიტორია, მუხიანის მხარეს)
სამგორი - „ისთ ფოინთი“ (ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა, ზედა ავტოსადგომი)
სამგორი - (ორხევი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორია)
ავჭალა - პოლიციასთან (ლიბანის ქ. 23)
მუხიანი - პოლიციასთან (ნ. დუმბაძის გამზირი, კორპუსი N5).
თბილისის გარდა ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები მოეწყო რუსთავშიც, რომელიც ჭყონდიდელის დასახლებაში, მე-12 მიკრორაიონში მდებარე 23-ე საშუალო სკოლასთან და მე-19 მიკრორაიონში სუპერმარკეტ „მადაგონის“ წინ არის განთავსებული.
ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ყოველდღე 10:00 საათიდან 20:000 საათამდე იმუშავებენ.
ახალი პროექტი „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაიწყო და ეტაპობრივად ყველა რეგიონში განხორციელდება.
ვაქცინაციის მობილური პუნქტები პირველად თბილისში გაჩნდა, შემდეგ კი რუსთავსა და ბათუმში გაიხსნა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მოძრავი ამცრელი პუნქტების გახსნას ყველა დიდ ქალაქში გეგმავს.
ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.235.386 აცრა. აქედან ერთი დოზით აცრილია 813.601 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 28,5%, ხოლო სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 421.785 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 14,8%.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.