სტიქია აჭარაში: მეწყრის შედეგად ორი ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი

მეწყრული პროცესის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაზიანდა საავტომობილო გზა, ელექტროგადამცემი ბოძები, ორი ოჯახი კი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.
Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. უხვი ნალექის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყერი ჩამოწვა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
არსებული ინფორმაციით, მეწყერი ჯამში 60 ადგილზე ჩამოწვა, რის შედეგადაც სოფელ აგარაში მცხოვრები ორი ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.
მეწყრის ერთ-ერთი კერა სოფელ თხილნარში დაფიქსირდა, სადაც მიწის მასა ფარტენაძეების საცხოვრებელ სახლთან ჩამოიშალა და სახლს საძირკველი ნაწილობრივ გამოაცალა.
მეწყერი ჩამოწვა სოფელ კირნათსა და აგარაშიც. მეწყერმა საავტომობილო გზა დააზიანა სოფელ ერგეში. გზის გასაწმენდად ამ დროისათვის მძიმე ტექნიკა მუშაობს.
სვანეთში სტიქიის შედეგებთან ბრძოლა გრძელდება
უხვმა ნალექმა დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძებიც, რის გამოც სოფელ თხილნარსა და მიმდებარე დასახლებებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა. როგორც „ენერგო პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, ამ დროისათვის აბონენტების უმეტესობა ჩართულია და აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.
შემთხვევის ადგილებზე იმყოფებოდა ხელვაჩაურის მერის მოადგილე. მისი განცხადებით, გეოლოგები შეისწავლიან დამეწყრილ საცხოვრებელ ადგილებს და დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი შემდეგ გადაწყდება. მერიაში აცხადებენ, რომ შესაძლოა რამდენიმე ოჯახის გასახლება გახდეს საჭირო.
შემთხვევის ადგილებზე მობილიზებულია ხელვაჩაურის მერიისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის 20 ერთეული ტექნიკა და მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.