ქართველ სამხედროებს თბილისის შემდეგ ახალი ბინები გორში გადაეცა

გორში ახალმოსახლეობას სამხედრო მოსამსახურეთა 128 ოჯახი გადაიხდის.
Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის პროცესი გრძელდება – 128 ოჯახი ახალმოსახლეობას გორში გადაიხდის, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
საცხოვრებელი ფართების განაწილება კენჭისყრით მოხდა. ბინები თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადაეცათ.
თბილისში 500-მდე სამხედრო მოსამსახურეს ბინები გადაეცა
უწყების ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსებთან მოეწყო შშმ პირებისთვის ადაპტირებული პანდუსები, მიმდებარე ტერიტორია მოასფალტებული და კეთილმოწყობილია.
​ახალმოსახლეობა სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.
მანამდე, 31 აგვისტოს ვარკეთილის „ჯარის ქალაქში“ ბინები 485 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა.
2013 წლიდან თავდაცვის სამინისტრომ ბინებით სამხედრო მოსამსახურეთა 2.047 ოჯახი დააკმაყოფილა.