თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ოპოზიციასთან ერთად ხელმოწერილი შეთანხმების თემა დახურა და არ აპირებს მას დაუბრუნდეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
28 ივლისს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმებიდან გასვლის მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა დაასახელა. ოთხშაბათს „ნაცმოძრაობამ“ ხუთი თვის დაგვიანებით, თუმცა მაინც მოაწერა ხელი აღნიშნულ დოკუმენტს და განაცხადა, რომ ამას ქვეყნის ევროპული ღირებულებების შენარჩუნებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის აკეთებს.
„გამორიცხულია, „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება ამ შეთანხმებას. „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ეს ხელმოწერა არის ფარსი და ტყუილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლას დასავლეთის მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მმართველ პარტიას არ შეუძლია შეთანხმების ერთპიროვნულად ანულირება. უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ მიერ შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის, სასამართლო რეფორმის შეუსრულებლობის გამო ევროკავშირმა ქვეყანას 75 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმების პირობები გარკვეულ ნაწილში მაინც შესრულდა.
მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ყველაზე მთავარი პირობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.