ოპოზიციამ არჩევნების წინ დასავლეთისგან მხარდაჭერის მიღება გადაწყვიტა

საქართველოს 15-მა ოპოზიციურმა პარტიამ ღია წერილით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და ნატოს გენერალურ მდივანს.
Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიცია ცდილობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხში დასავლეთის მხარდაჭერა მოიპოვოს.
წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიებმა ღია წერილით მიმართეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს.
როგორ მიაღწევს ოპოზიცია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემა ერთ-ერთი საკითხია 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამდგომლობით მოაწერა ხელი. შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ს ვერ მიიღებს.
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის ერთგულ სახელმწიფოდ... იმედი გვაქვს თქვენი უწყვეტი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერისა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც 15 ოპოზიციური პარტია აწერს ხელს.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმების პირობები დაარღვია და დატოვა ის.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა
ივლისის ბოლოს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებისა და იქიდან გამოსვლის შესახებ იმის გამო, რომ მას ხელი არ მოაწერა ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხოლო მმართველ პარტიას ვალდებულებების შესრულება ცალმხრივად უწევდა.
„ქართული ოცნების“ დემარშის მთავარი საბაბი აღარ არსებობს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოაწერა ხელი შარლ მიშელის შეთანხმებას – 2 სექტემბერს თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში.