თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით კიდევ ერთი ქართული ფილმი „ბოშები“ იქმნება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
„ბოშები“ ნოდარ დუმბაძის სამ ნოველას ეფუძნება. ფილმს რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი თბილისსა და გურიაში იღებს.
ფილმში უკრაინელი და ქართველი, მათ შორის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის თეატრების მსახიობები მონაწილეობენ.
სრულმეტრაჟიანი ფილმი „ბოშების“ სატელევიზიო პრემიერა მიმდინარე წლის ბოლოს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იგეგმება.
ნოდარ დუმბაძე საქართველოში ერთ-ერთი საყვარელი მწერალია და განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ ლიტერატურაში. მის კალამს ეკუთვნის მოთხრობები და რომანები „მარადისობის კანონი", „მე ვხედავ მზეს", „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", „თეთრი ბაირაღები", „კუკარაჩა", „ჰელადოსი" და ა.შ.
დუმბაძის ნაწარმოებები მრავალ ენაზეა თარგმნილი. მისი ოთხი რომანი პიესებად გადაკეთდა და დაიდგა საქართველოსა და უცხო ქვეყნების სცენებზე, აგრეთვე შეიქმნა მისი რომანების ეკრანიზაციებიც.