კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსით გარდაცვლილი ოჯახის წევრის შესახებ წერს და ამბობს, რომ ისეთი უპატივცემულო სიკვდილი, როგორც კორონავირუსის შემდეგ დგება, არ არსებობს.
„შავი პარკი“ ჩემს ოჯახს ხვდა წილად და ყოველ ღამე მტანჯავს ამაზე ფიქრი (ჩემი გამზრდელი ბებია, სამყაროს რომ მერჩივნა, ჩამიგდეს ამ საშინელებაში), ამაზე დიდ ჯოჯოხეთში სადღა უნდა მოვხვდე?“ – წერს კომპოზიტორი.
მისი თქმით, ყოველდღე 80 ოჯახს ატანენ ამ „შავ პარკს“ და ვინც კიდევ ეტყვის, რომ საკუთარი იმუნიტეტის იმედზეა, არ იცავს რეგულაციებს, არ იცრება და არ არსებობს კოვიდი, სიტყვებიც არ აქვს ასეთი ადამიანების საპასუხოდ.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს. იზრდება ლეტალობის შემთხვევებიც – ბოლო 24 საათში ვირუსმა 81 ადამიანი იმსხვერპლა. სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელებას უკავშირდება.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.