სამინისტრო: საფეხბურთო მატჩი კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას არ ნიშნავს

ბათუმში 2 სექტემბერს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები კოსოვოს დაუპირისპირდება.
Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. ბათუმში საფეხბურთო მატჩი საქართველო–კოსოვო არ ნიშნავს საქართველოს მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს კოსოვოს წინააღმდეგ ბათუმში 2 სექტემბერს გამართავს.
საქართველო–კოსოვოს შეხვედრას გულშემატკივარი არ დაესწრება
„ბათუმში გასამართი სპორტული ღონისძიება არანაირად არ უკავშირდება კოსოვოს მხარის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს რაიმე ფორმით აღიარებას და/ან ცნობას. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოცემული მატჩის ჩატარების ვალდებულებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას FIFA-ს წევრობა და მისი წესდება აკისრებს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
დღეისათვის კოსოვოს სერბეთისგან დამოუკიდებლობას გაეროს 193 წევრი სახელმწიფოდან 104 ქვეყანა აღიარებს. საქართველოს კოსოვოს დამოუკიდებლობა არ უღიარებია.